საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სს “ენერგო პრო ჯორჯია” დააჯარიმა.
კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 000 ლარის გადახდა დაეკისრა და გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადა განესაზღვრა.
სემეკის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" დარღვეული ჰქონდა საინვესტიციო გეგმითა და გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთების მიზნით გათვალისწინებული სამუშაოების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმები, რაც წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევას.
სემეკის მიერ 1-ელ მაისს, საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სს “ენერგო პრო ჯორჯიას” მიერ ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევების განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში, კომპანიის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება გაორმაგებული ჯარიმა.