საქსტატმა დღეს ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა, ხოლო წლის პირველ 9 თვეში ზრდამ 11.3% შეადგინა, შესაბამისად, ჯერჯერობით ზრდა თანხვედრაშია მთავრობის პროგნოზთან, რომლის მიხედვითაც, წელს ეკონომიკის ზრდა 9.5% უნდა იყოს, რის შედეგადაც მშპ-ის ზომამ მიმდინარე ფასებში 58.4 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს.
"2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები,ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში," - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
გასული თვის განმავლობაში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 9,5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტია.