საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) საბაზრო ინფრასტრუქტურისა და გადახდების გენერალურ დირექტორს ულრიხ ბინდსაილს და ECB-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ულრიხ ბინდსაილს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის შესახებ სებ-თან განახლებული დისკუსიისთვის.
„შეხვედრის მონაწილეებს ეროვნული ბანკის გუნდმა საქართველოს არსებული საგადახდო ინფრასტრუქტურა და მიმდინარე პროექტები გააცნო, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ფინტექ სტრატეგიის განხორციელების შესახებ.
საუბარი შეეხო სებ-სა და ECB-ში მიმდინარე რეფორმებს და ზედამხედველობის პრაქტიკას.
ორივე მხარე შეთანხმდა, რომ გააგრძელებს თანამშრომლობას გადახდების ზედამხედველობის სფეროში და საქართველოს ევროკავშირის მარეგულირებელ სტანდარტებთან შესაბამისობის მხარდაჭერაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.