ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის, - ამის შესახებ bpn.ge-ს სავალუტო ფონდის მისიის უფროსმა ჯეიმს ჯონმა განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ფონდი საკითხს დეტალურად მისი ზედმიწევნით შესწავლის შემდეგ შეაფასებს.
„როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაიცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა. ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს," - აღნიშნა ჯეიმს ჯონმა. ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება შეეხოს საქართველოს მოქალაქეს თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. შედეგად, აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომის აღდგენის შესაძლებლობა მიეცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, სებ-ი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა: პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვა. ასევე მრჩევლის პოზიცია დატოვა გიორგი ბაქრაძემაც.