სექტემბერში ქვეყანაში ფასები წლიურ ჭრილში 12.3%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა სამომხმარებლო საქონლის ყველა ჯგუფს შეეხო, მათ შორისაა სურსათი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, კომუნალური ტარიფები და სხვა.
ფასებმა მოიმატა საწვავზეც და ნავთობიმპორტიორები უკვე აანონებენ, რომ ფასები ისევ გაიზრდება. დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას ჰკითხეს, თუ რა კეთდება ფასების ზრდის შესაჩერებლად.
„საწვავთან დაკავშირებით ძირითადი ფაქტორი არის ნავთობზე ფასების მომატება საგარეო ბაზრებზე, თუმცა პარალელურად კარგი განვითარება არის ის, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა არ მერყეობს, მისი კურსი არის საკმაოდ მყარი და ეს ანეიტრალებს ამ ტენდენციას.
ზოგადად, ინფლაცია არის პრობლემა, მაღალი ინფლაცია პოსტკოვიდ ვითარებაში ისეთი პრობლემაა, რომელსაც ბევრი ქვეყანა შეეჯახა, თუმცა უკვე პირველად გვქონდა სტატისტიკურად კლების ნიშანი და მომავალ წელს ეს პრობლემა დასტაბილურდება, ინფლაცია დაუბრუნდება თავის ნიშნულს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.