სტრატეგიული ობიექტის გაჩერება არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პრემიერის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი სანქციების გამო "ბორჯომის" ქარხნის დროებით დახურვას.
"ბორჯომის ქარხნის გაჩერება არ არის მხოლოდ ბიზნესის და თუნდაც სოციალური პრობლემა.
ადრეც მითქვამს, რომ ეს ბრენდი არის ქართული მატერიალური და არამატერიალური კულტურის განუყოფელი ნაწილი. შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტი და მისი გაჩერება არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, თავი რომ გავანებოთ მრავალმილიარდიან ზარალს, რაც ასწლოვანი ისტორიის განმავლობაში მოპოვებული აქტივის დაკარგვას უკავშირდება.
ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოხდეს საწარმოს ნაციონალიზაცია, რაზეც რამდენიმე თვის წინ მივმართე ხელისუფლებას და ყური არ შეიბერტყეს. შემდგომში შესაძლოა პრივატიზაცია, პოლიტიკურად დაზღვეულ პირობებზე,“- წერს სოციალურ ქსელში ხუხაშვილი.
მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომის წარმოების დროებით გაჩერების შესახებ ინფორმაცია კომპანიამ დღეს გაავცელა.
„გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია "IDS ბორჯომი" საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.
კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.
იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა“, - ნათქვამია IDS ბორჯომის განცხადებაში.