სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ამერიკულ მხარესთან, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და შევთანხმდით, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, დევიდ ო’სალივანთან და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან, ჯეიმს ო’ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ფინანსთა სამინისტროს, კერძოდ, კი შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები სანქციების აღსრულების მიმართულებით, რამაც მაღალი შეფასება დაიმსახურა.
„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებით ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში და ის ღონისძიებები, რაც შემოსავლების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს აქვს განხორციელებული აღსრულების მიმართულებით, ნამდვილად სანიმუშოა მსოფლიოში“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ლაშა ხუციშვილის კომენტარს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.