სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სახეზეა ინდექსის 1.0-პროცენტიანი კლება.
საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვართან შედარებით, ფასები 2.0 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.13 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 2.6-პროცენტიანი კლება ლითონის მადნებზე. ამავე პერიოდში ფასები 1.4 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -1.17 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 16.6-პროცენტიანი კლება ძირითად ქიმიურ ნივთიერებებზე და ქიმიურ პროდუქტებზე. გარდა ამისა, ფასების 0.1-პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.01 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 13.4 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -1.02 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-19.9 პროცენტი);
• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 0.34 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (9.3 პროცენტი), ტანსაცმელი (21.8 პროცენტი) და სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (9.5 პროცენტი);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 1.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.16 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 6.4 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.16 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.