დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას დაფინანსება გაიზრდა თითქმის ყველა მიმართულებით. მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, 2023 წლის განვლილ პერიოდში რამდენიმე მიმართულებით დამატებითი დაფინანსების საჭიროება გამოიკვეთა. შესაბამისად, კანონპროექტით მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები ზუსტდება.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7,6% შეადგინა. ჯამში კი, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 6,5%-ს შეადგენს, ნაცვლად მანამდე არსებული 5%-ისა. დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე 500,0 მლნ ლარზე მეტით იზრდება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, რაც შესაძლებლობას იძლევა, დაფინანსდეს დამატებით გამოკვეთილი საჭიროებები და შემცირდეს 2023 წლისთვის დაგეგმილი ვალის აღების მაჩვენებლები.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მისასალმებელია, რომ თითქმის ყველა სამინისტროს დაფინანსება იზრდება, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 47 მლნ. ლარით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს – 34 მლნ. ლარით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს – 23 მლნ. ლარით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს – 20 მლნ. ლარით, შინაგან საქმეთა სამინისტროს – 40 მლნ. ლარით, თავდაცვის სამინისტროს – 10 მლნ. ლარით.
კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს განხილულ კანონპროექტს.