ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, მოსავლის მართვის კომპანიამ წელს ყველაზე ნაკლები ყურძენი ჩაიბარა - ამის შესახებ მან პარლამენტში აგრალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, სახელმწიფო კომპანიის მიერ ჩაბარებული ყურძნის მოცულობებზე რეგიონების მიხედვით ისაუბრა.
მისი თქმით, წელს სახელმწიფომ საერთო მოსავლის მხოლოდ 10%-მდე ჩაიბარა, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 25%-მდე იყო.
"იმ ყურძენს, რომელსაც არ იბარებს კერძო სექტორი, იქნება ეს არაკონდიციურობა თუ დაავადებები ტრადიციულად მოსავლის მართვის კომპანია გადაამუშავებს. ბოლო წლებში, წელს ამ კუთხით ყველაზე ნაკლები ჩარევა დაგვჭირდა. მაგალითად, 2022 წელს მთლიანი მოსავლის 25% ჩაიბარა, წელს კი მხოლოდ 10%. ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიურია, თუმცა ამ მხრივაც, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლები იქნებოდა, რომ არა მოსავლის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე მოსული სეტყვა. სხვა შემთხვევაში, მოსავლის მართვის კომპანიას გაცილებით ნაკლების ჩაბარება მოუწევდა.
რაჭის შემთხვევაშიც, კერძო სექტორის აქტივობა ძალიან მაღალი იყო... 50-მდე კომპანია მონაწილეობდა და მიღებული 1 700 ტონიდან მოსავლის მართვის კომპანიას მხოლოდ 60 ტონის ჩაბარება მოუწია, რაც მოსავლის დაახლოებით 4%-ია.
ლეჩხუმშიც, თითქმის სრულად გადაამუშავა კერძო სექტორმა, აქ იყო მოთხოვნა და სახელმწიფომ მხოლოდ 7% ჩაიბარა", - განაცხადა მეხუზლამ.