სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებები ფართოვდება - მის შემოწმებას კომუნიკაციების კომისია და სემეკი დაექვემდებარება.
ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელიც „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონში განხორციელდა. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით - ერთხმად დაამტკიცა.
ცვლილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ორგანიზების, აუდიტორული უფლებამოსილებების განხორციელების და სამსახურის შიდა მმართველობის მარეგულირებელ ნორმებს ეხება.
როგორც პროექტის განხილვისას, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ განაცხადა, ზუსტდება, რომ ფინანსური შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტები მოიცავს მიმდინარე ან/და განხორციელებული საქმიანობის შემოწმებას.
გარდა ამისა, კანონს საჯარო ურთიერთობების მდივანი - სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი ემატება, რომელიც გენერალური აუდიტორის დავალებით სხვა უწყებებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაციას გამართავს.
საქმიანობის ოპერატიულად განსახორციელებლად, აუდიტის სამსახურს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან მემორანდუმის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოების ელექტრონულ ბაზებზე წვდომა და მათი დამუშავების უფლებამოსილება ექნება. ასევე, ზუსტდება პრეზიდიუმის უფლებამოსილება. კერძოდ, დღეს არსებული საჩივრების განხილვის ფუნქციასთან ერთად, პრეზიდიუმმა შესაძლებელია გენერალური აუდიტორის მიერ განსაზღვრული სხვა საკითხებიც განიხილოს.
რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კომუნიკაციების კომისიის და სემეკის შემოწმებას, აქამდე უწყება უკლებლივ ყველა სახელმწიფო ორგანოს ამოწმებდა, მარეგულირებლების გარდა.
„კომუნიკაციების კომისიის და სემეკის აუდიტი ზუსტად იმ პრინციპების დაცვით მოხდება, როგორც დღეს ეროვნული ბანკი მოწმდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აუდიტი განხორციელდება მხოლოდ ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებზე და მარეგულირებლების გადაწყვეტილებაში აუდიტის სამსახური არ ჩაერევა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტით ასევე ზუსტდება აუდიტის განმახორციელებელი მოსამსახურის უფლებამოსილებები. კერძოდ, მათ უფლება ექნებათ გამოითხოვონ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია შესყიდვებში მონაწილე პირებისგან. დოკუმენტაციის მიუწოდებლობაზე ან მცდარი ინფორმაციის მიწოდებაზე ჯარიმა 1 000 ლარის ნაცვლად, 5 000 ლარი იქნება.