სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3 პროცენტით, ანუ 260.4 ლარით გაიზარდა და 1 855.4 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 958.1 ლარი; მშენებლობა – 3 033.4 ლარი; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 806.7 ლარი; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 615.6 ლარი.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 459.1 ლარით, ხოლო მამაკაცების – 2 233.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 193.5 ლარი შეადგინა, ხოლო მამაკაცებში – 329.1 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით მამაკაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საანგარიშო პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 293.0 ლარით, ანუ 17.1% გაიზარდა და 2 007.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ფიქსირდება ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორში – 4 073.1 ლარი. ასევე მშენებლობის სექტორში – 3 037.0 ლარი.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო ყოველთვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 199.2 ლარით, ანუ 14.4%-ით გაიზარდა და 1 579.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.