სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის “დელტას“ ბაზაზე მოქმედმა „დელტა სიეიეის“ ქართულ-ებრაულმა საწარმომ M4-ის ტიპის მსგავსი GI-4 ავტომატური ტიპის იარაღის წარმოება დაიწყო.
იარაღის ყველა ნაწილი საქართველოში მზადდება.
საწარმოს მუშაობას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა სტუმრები გაეცნენ.
„მე ვულოცავ „დელტას“ და მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ამ ძალიან მნიშვნელოვან საწარმოს. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ ავტომატის ყველა დეტალი, მათ შორის პლასტმასის დეტალები, ყველაფერი იქნება ადგილზე წარმოებული.
ჩვენ დავატრენინგეთ ჩვენი პერსონალი, ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ, ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვულოცავ ყველას ამ მეტად მნიშვნელოვანი საწარმოს გახსნას“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართულ-ებრაული ერთობლივი საწარმოში სტუმრობისას.
თავდაცვის სამინისტროსა და ებრაულ კომპანიას შორის ხელშეკრულება ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების შესახებ, 2021 წლის მაისში გაფორმდა.
პროექტის მიხედვით, საწარმოში დამზადებული ნატოს სტანდარტების შესაბამისი შაშხანები GI-4 (5.56) საქართველოს თავდაცვის ძალებს გადაეცემა, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო ქვედანაყოფების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის პროცესს.
ახალი ქართულ-ებრაული საწარმო აღჭურვილია წამყვან ქვეყნებში წარმოებული უახლესი ჩარხ-დანადგარებით და GI-4 (5.56) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი ადგილზე წარიმართება.
საწარმოს ფუნქციური დატვირთვა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისა და აქსესუარების წარმოების შესაძლებლობას შექმნის. საწარმოში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის იარაღის მოდერნიზებაზე მუშაობაც. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია პროდუქციის საექსპორტო წარმოება. საწარმო დაკოპლექტებულია უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებული კურსდამთავრებულებით, რომლებმაც შესაბამისი გადამზადება უკვე გაიარეს.