თურქეთის ქალაქ სტამბოლში ტურიზმის სფეროში საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობდა, თურქეთის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. თურქეთის მხარეს თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ნადირ ალფასლანი ხელმძღვანელობდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორების კიდევ უფრო დაახლოების მნიშვნელობას, საერთო ტურისტული პროდუქტების შეთავაზებას და განვითარებას, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას, მომსახურების სერვისის ამაღლებას და ამ მიზნით, მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის ტრენინგებისა და ტურისტული ღონისძიებების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და სხვა.
მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს ძირითადი ტურისტული მიმართულებები, ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პირდაპირი რეისების სიხშირეების კიდევ უფრო გაზრდის მზაობას. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერიან გვალია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა.