ჩვენ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, როდესაც საქართველოში შეიცვლება სიტუაცია არის, რომ გავაუქმოთ ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკა უნდა გადავიდეს ევროზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო უნდა იყოს ერთი გადასახადის ქვეყანა.
„ძალიან მარტივი სიტუაციაა. ჩვენ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, როდესაც საქართველოში შეიცვლება სიტუაცია, ეს არის, რომ გავაუქმოთ, დავხუროთ ეროვნული ბანკი, იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი გამოიყენება მანიპულაციებისთვის. ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად. პრაქტიკულად, ივანიშვილს აქვს ერთ-ერთი დიდი ბანკი და ამავე დროს, აკონტროლებს ეროვნულ ბანკს. მას შეუძლია, ნებისმიერ დროს აგიწიოთ და დაგიწიოთ ვალუტის კურსი და ამაზე ფული აკეთოს. სამაგიეროდ, სრულიად არაპროგნოზირებადია ინფლაცია, ხალხი ვერ გეგმავს თავის შემოსავლებს და გასავლებს. აღარავის აღარ ყოფნის ხელფასი და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. უნდა გადავიდეს საქართველოს ეკონომიკა ევროზე. ეროვნული ბანკი საქართველოს არ სჭირდება, ემისია საქართველოს არ სჭირდება. თუ შევდივართ ევროპაში, იყოს ევრო, მით უმეტეს, ქართველების ძირითადი შემოსავლები სწორედ ევროპიდან მოდის. მეორე - საქართველო უნდა იყოს ერთი გადასახადის ქვეყანა. საქართველოს არ სჭირდება ეს მრავალშრიანი გადასახადი, იმიტომ რომ ესეც არის კორუფციის წყარო“, -განაცხადა სააკაშვილმა.