ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროკომისიის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და ევროკავშირის ყოფილი ელჩი მოსკოვში მაიკლ ემერსონი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას საკმაოდ ცუდი რეპუტაცია აქვს ევროკავშირში და ქვეყნის ევრინტეგრაციის ხელშესაწყობად საჭიროა ბრიუსელსა და თბილისს შორის ნდობის აღდგენა.
ამასთან, ემერსონი მიიჩნევს, უმჯობესია „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებმა (საქართველო, უკრაინა და მოლდოვა) შეიმუშავონ ეთობლივი მიდგომა, ვიდრე საქართველომ განყენებულად შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე 2024 წელს.
„შევეცდები გონივრულად თავაზიანი ვიყო და ასე ვიტყვი — საქართველო ბოლო დროს პოლიტიკურად ყველაზე წინააღმდეგობრივი პარტნიორი გახდა, რადგან პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც ფართო კრიტიკას იწვევს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, საკმაოდ არადმოკრატიული ხასიათისაა. მთავრობას, როგორც დიდი სიურპრიზების წყაროს, უკვე აქვს საკმაოდ ცუდი რეპუტაცია ევროკავშირში. ხშირად აშკარად გამოხატულ კონფლიქტში შედიან ევროკავშირთან, იქნება ეს შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა თუ ბოლო ყველაზე საორჭოფო ქმედება — სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება. ამავდროულად, საჯაროდ კეთდება განცხადებები 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის თაობაზე. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დავაბრუნოთ საქართველო სწორ კურსზე? — პირველ რიგში, საჭიროა ნდობის აღდგენა. უნდა გაჩნდეს ურთიერთგაგების საფუძველი მთავრობასა და ევროკავშირს შორის და შედგეს შეთანხმება, რომ აღარ იქნება ასეთი უარყოფითი და უსიამოვნო სიურპრიზები“, — განაცხადა მაიკლ ემერსონმა რონდელის ფონდის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ასოცირებული ტრიოს პერპექტივებზე მსჯელობისას.
მისივე თქმით, შეიძლება ცუდი იდეა არ იყოს საქართველოსთვის, რომ „სხვანაირად ჩამოაყალიბოს“ თავისი განზრახვა 2024 წელს ვეროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის თაობაზე.
„ანუ სამმა ქვეყანამ შეიძლება, შეიმუშავოს ერთიანი მიდგომა. ევროკავშირში ტრადიციული მიღების პროცესი დღესდღეობით შეჩერებულია, ელოდება რა ევროკავშირის რეფორმას. ტრიოს განზრახვამ შეიძლება, საფუძველი დაუდოს ინტეგრაცის ახალ დინამიკას და ურთიერთდახმარების გზით მეტად დაახლოებას სავარაუდო წევრობასთან“, — დასძინა ემერსონმა.
2020 წლის მაისში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყანა (საქართველო, უკრაინა და მოლდოვა), რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებები აქვთ გაფორმებული, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებით შეთანხმდნენ ევროინტეგრაციის საკითხებზე ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – “ასოცირებული ტრიოს” — დაფუძნების თაობაზე.
ასოცირებული ტრიოს ქვეყნები იმედოვნებენ, რომ “მეტი — მეტისთვის” მიდგომის საფუძველზე, ასოცირებული ქვეყნებისთვის ეტაპობრივად გაიხსნება ევროკავშირში ინტეგრაციისა და სამართლებრივი თუ ინსტიტუციური დაახლოების ახალი შესაძლებლობები, რაც მეტ კონკრეტულ სარგებელს მოუტანს სამივე ქვეყანას.
წყარი: NETGAZETI