საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა გრძელდება. როგორც დეგნანმა bm.ge-ს უთხრა, ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას განამტკიცებს.
“რაც შეეხება აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, ამ საკითხს აშშ-ს ვაჭრობის წარმომადგენელი კურირებს და არა სახელმწიფო დეპარტამენტი. მაგრამ ვიცი, რომ ისინი ამას უყურებენ როგორც მნიშვნელოვან ხიდს საქართველო-აშშ-ს შორის. 2018 წელს ჩატარებული იყო ეკონომიკური გავლენის კვლევა, [ე.წ ფიზიბილითი] ეს კომპლექსური პროცესია, თუმცა, ვფიქრობ, მთავარი საკითხია როდის და რამდენად სწრაფად შეიძლება ეს მოხდეს. ვაგრძელებთ ამ საკითხზე საუბარს და შეთავაზების გაგზავნას ვაჭრობის დეპარტამენტთან, რომ ამ საკითხზე მუშაობა ღირს. ორივე მხარე ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობებს ვუყურებთ. ვფიქრობ, ეს ორივე ქვეყნისთვის კარგი იქნება",-განაცხადა დეგნანმა.
მიმდინარე წლის აპრილში საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივაზე BMG აშშ-ში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ციკოლიას ესაუბრა.
მისი განცხადებით, მსგავსი ტიპის ხელშეკრულებების ბედი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ აშშ-ის პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის საგარეო პრიორიტეტებში რა საკითხებია თავმოყრილი და მსოფლიოს რომელ რეგიონშია მათი ყურადღება მიმართული. ამ თვალსაზრისით, ის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში მიღწეულ გარკვეულ პროგრესს უსვამს ხაზს.