საქართველოს არ აქვს დაწესებული სანქციები და, შესაძლოა, ამით იმედგაცრუებული ვიყოთ, თუმცა ასევე გვესმის სპეციფიკური სიტუაცია, რომელშიც ის იმყოფება, – ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის.
„ჩვენ ვუყურებთ სანქციების გვერდის ავლის საკითხებს. განსაკუთრებით კი ფოკუსირებული ვართ 38 დასახელების ელექტრონულ საქონელზე, რომლებიც სამხედრო მნიშვნელობის მქონე კომპონენტებს წარმოადგენენ. ჩვენ ამ მისიის ფარგლებში არაერთ სახელმწიფოს ვესტუმრეთ. ზოგიერთი ვიზიტი ჩემს ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად შედგა, ზოგიერთი კი მათგან დამოუკიდებლად. საქართველო არ ახდენს სანქციების იმპლემენტაციას, რასთან დაკავშირებითაც იმედგაცრუებული ვართ, რადგანაც ამას აკეთებს ქვეყანა, რომელსაც ევროპული ასპირაცია აქვს და ის არ იზიარებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს. თუმცა ჩვენ გვესმის ქვეყანაში არსებული ვითარება, ეკონომიკური, სოციალური თუ გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე, რაც რუსეთთან გაქვთ. შესაბამისად გვესმის, რომ ისინი [მთავრობა] არ უერთდებიან ჩვენს სანქციებს. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ბოლო ორ დღეში ნანახმა იმაში დაგვარწმუნა, რომ ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რათა საქართველო არ იქნას გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის პლატფორმად. ჩვენ მოვისმინეთ, რომ დანერგილია მნიშვნელოვანი ზომები საქართველოს გავლით 38 სენსიტიური დასახელების ელექტრონული მოწყობილობის ექსპორტის აღკვეთასთან დაკავშირებით. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ფინანსურ სანქციებთან მიმართებითაც. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ დანერგილი პროცედურებით ჩვენ გაკვირვებული ვართ. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ჩვენი ვიზიტი არის პარტნიორული და ერთ დღეს მოხარული ვიქნებით საქართველო ევროკავშირში ვიხილოთ. ამიტომაც გვსურს, რომ სანქციების საკითხი, რომელიც სავარაუდოდ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იქნება აქტუალური, უნდა იყოს აღსრულებული იმ სახით, რომ ის არ იქცეს ორმხრივი ურთიერთობებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად. ის, რაც ვიხილეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში, მარწმუნებს იმის თქმაში, რომ ეს ასე ნამდვილად არაა და ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს, რის გამოც ეს მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს“, – განაცხადა დევიდ ო’სალივანმა.