საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 9 % იქნება, ხოლო 2023 წლის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4 %-ია.
ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ანგარიშში წერია, რომელიც მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებს მოიცავს.
როგორც ანგარიშის პრესკონფერენციაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, გლობალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები შემცირებულია და ამის მიზეზად ფონდში უკრაინაში მიმდინარე ომი, ენერგორესურსების და საკვები პროდუქტების ფასების მატება, ასევე ეროვნული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდა დაასახელეს.
მათი პროგნოზით, 2022 წელს გლობალური ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი უცვლელი იქნება და 3,2 %-ს შეადგენს, ხოლო 2023 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2,7% იქნება, რაც ფონდის მიერ ივლისში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით 0,2%-ით ნაკლებია. ასევე ბანკში აცხადებენ, რომ არსებობს 25 %-იანი ალბათობა, რომ 2023 წელს გლობალური ეკონომიკის ზრდა 2 %-ზე ნაკლებიც კი იყოს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ გლობალური ეკონომიკა მყიფეა და ფინანსურ ბაზრებზე სტრესული მდგომარეობის ნიშნები იკვეთება.