ვაქცინაციის დაბალი ტემპიდან გამომდინარე, 2022 წელს პროგნოზირებული 6%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ოპტიმისტურია. პროგნოზირებული ზრდის ვერ მიღწევის შემთხვევაში, ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტის შეფასებით ნაწილშია ნათქვამი.
მათი განმარტებით, მომავალ წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, პირველ რიგში, პანდემიის შეჩერებაზე ან ინფიცირებულების რაოდენობის შემცირებაზე იქნება დამოკიდებული, რაც ვაქცინაციის ტემპის ზრდით არის მიღწევადი. სხვა შემთხვევაში, მთავრობას, შესაძლოა, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების დაწესება მოუწიოს, რაც ეკონომიკის ზრდას დააბრკოლებს.
„2022 წლისთვის დოლარის მიმართ ლარის საორიენტაციო გაცვლით კურსად 3.12 არის აღებული. წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე 2.5%-ია.
2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 18.7 მლრდ ლარი იქნება, რაც 2021 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 751 მლნ ლარით (4.2%-ით) მეტია. მატებას საგადასახადო შემოსავლების 2 მლრდ ლარით ზრდა განაპირობებს;
2021 წელთან შედარებით, 2022 წელს 198 მლნ ლარით მცირდება მისაღები გრანტების პროგნოზირებული მოცულობა და იგი 189 მლნ ლარს შეადგენს. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში გრანტები ბოლო 8 წლის მინიმუმზეა დაგეგმილი, როგორც ჯამური მოცულობით, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, მათ შორის, ევროკავშირისგან მისაღები გრანტების კუთხით;
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 18.4 მლრდ ლარი იქნება, რაც 2021 წლის ბიუჯეტის გადასახდელებზე 1.1 მლრდ ლარით (7.2%-ით) ნაკლებია. კლებას ვალის დაფარვის მაჩვენებლის შემცირება განაპირობებს;
გადასახდელების ყველაზე მსხვილი მუხლი - ბიუჯეტის ხარჯები 84 მლნ ლარით მცირდება და 13.8 მლრდ ლარს შეადგენს“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციაში.
ამასთან, ორგანიზაციის განმარტებით, მისასალმებელია, რომ ბიუჯეტის ხარჯები და დეფიციტი მცირდება, თუმცა ვაქცინაციის ტემპიდან გამომდინარე, 2022 წელს კოვიდპაციენტების მკურნალობაზე გამოყოფილი თანხის განახევრება არარეალური ჩანს, ასევე,მაღალია ალბათობა, რომ რეალურად ამ მიმართულებით ასობით მლნ ლარით მეტი იქნება საჭირო და ფისკალური რისკების შესამცირებლად, ეს გარემოება ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს;
მათივე ცნობით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 20 ლარით გაიზრდება და 260 ლარი გახდება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონრების პენსია 25 ლარით გაიზრდება და 300 ლარი გახდება. პენსიის ზრდა ბიუჯეტის ხარჯების 285 მლნ ლარით ზრდას იწვევს;
ბიუჯეტის პროექტით, დასაქმებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად საერთო სასამართლოებში იზრდება - 79 ადამიანით. სამინისტროებიდან ყველაზე მეტად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში იზრდება - 53-ით; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში - 23-ით, იუსტიციის სამინისტროში კი 22-ით.
ყველაზე მეტად 3 სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - 387 მლნ ლარით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - 113 მლნ ლარით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს - 98 მლნ ლარით;
ყველაზე მეტად ორი სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - 663 მლნ ლარით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 52 მლნ ლარით.
კორონავირუსთან დაკავშირებული საბიუჯეტო პროგრამები 758 მლნ ლარით მცირდება და 500 მლნ შეადგენს.
2022 წელს მთავრობა 4.4 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 1.2 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს.
„სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარებაზე უარის თქმის გამო, მიმდინარე წელს საქართველომ ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს (დაახლოებით 270 მლნ ლარის) შეღავათიანი სესხი ვერ მიიღო. მთავრობას შეეძლო ეს თანხა დეპოზიტებზე განეთავსებინა და 2022 წელს გამოეყენებინა. შედეგად, წელს ნაკლებ მაღალპროცენტიან ვალს აიღებდა. მაგალითად, ბოლო თვეებში აღებული საშინაო ვალის წლიური განაკვეთი 9%-ზე მაღალია.
2022 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 33.7 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 52.1% იქნება;
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ვალის მშპ-თან თანაფარდობის მაჩვენებელი 60%-დან 52%-მდე დაიკლებს, ქვეყნის ფისკალური მდგრადობისთვის ვალის ტვირთის კიდევ უფრო შემცირებაა საჭირო. როდესაც ვალი მშპ-ის 60%-თან ახლოსაა, მსუბუქი მაკროეკონომიკური შოკის დროსაც კი შესაძლოა გადასცდეს კანონით დაშვებულ 60%-იან ზღვარს“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ ეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია და საბოლოო დამტკიცებამდე ორჯერ დაუბრუნდება მთავრობას ცვლილებებისთვის. ვინაიდან კორონავირუსული პანდემია ეკონომიკური ტენდენციების პროგნოზირებას ართულებს, არ არის გამორიცხული, დეკემბერში პარლამენტმა დღეს არსებული ვერსიისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ბიუჯეტი დაამტკიცოს.