საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთში პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით აჟიოტაჟი შესაძლოა, ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდებოდეს.
"აქ მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხრიდან განცხადება რამდენიმე კომპანიიდან რუსეთში გაგზავნილი იყო 2020 წელს. 2020 წლიდან დღემდე ეს კომუნიკაცია არ ყოფილა და ამიტომ აჟიოტაჟი, რომელიც საზოგადოებაში წარმოიშვა, ვფიქრობ, ალბათ ინფორმაციის ნაკლებობის გამოა. მით უმეტეს ომის პირობებში, საქართველოს დამატებით ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიუმართავს. ამ საკითხზე მიმართვა იყო კერძო კომპანიების მხრიდან, რომ მათ აინტერესებდათ ახალ ბაზარზე გასვლა და ცხოველური წარმოშობის სურსათ-პროდუქტებს სპეციალური რეგულაციები აქვს," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.