2023 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში გაზის იმპორტი 9,7%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 9 თვეში ქვეყანამ 306,888 მლნ დოლარის ღირებულების გაზი იყიდა, წინა წლის იანვარ-სექტმბერში იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობამ 279,695 მლნ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო გაზს მხოლოდ 2 ქვეყნიდან - რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ყიდულობს. საქსტატის მონაცემებით, წელს რუსეთიდან იმპორტი 147,5%-ით გაიზარდა, აზერბაიჯანიდან კი 10%-ით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ- სექტემბერში საქართველომ რუსეთში 84,597 მლნ დოლარის ღირებულების გაზი იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 34,176 მლნ დოლარის.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ იმპორტი 245,518 მლნ დოლარიდან 222,291 მლნ დოლარამდე შემცირდა.
მიუხედავად რუსეთიდან ზრდისა, საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი კვლავ აზერბაიჯანი რჩება. მას მთლიან იმპორტში 72.4% უკავია. თუმცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 87,7%-ს შეადგენდა.