რუსეთმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ჩაკეტოს თავისი მთავარი გაზსადენი გერმანიაში, თუ დასავლეთი რუსული ნავთობის აკრძალვას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან ერთად იკვლევს გეგმას აღნიშნული აკრძალვის შესახებ, როგორც რუსეთის სადამსჯელო საშუალებას, უკრაინაში შეჭრის გამო, თუმცა აღნიშნული გეგმა გერმანიამ და ნიდერლანდებმა უარყვეს.
ამასთან, როგორც BBC იუწყება, რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის თქმით, რუსულ ნავთობზე უარის თქმა კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.
„რუსულ ნავთობზე უარის თქმა გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს მსოფლიო ბაზარზე, რაც გამოიწვევს ბარელზე ფასის გაორმაგებას. შეუძლებელი იქნება, ევროპის ბაზარზე რუსული ნავთობის შემცვლელის სწრაფად პოვნა. ამას წლები დასჭირდება და ევროპის მოსახლეობისთვის მაინც ძვირი დაჯდება. ჩვენ გვაქვს სრული უფლება, მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება და დავაწესოთ შესაბამისი ემბარგო, Nord stream 1 გაზსადენის მეშვეობით“, - განაცხადა ნოვაკმა.