დღეიდან რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას ისტორიულ მინიმუმამდე უმცირებს. „გაზპრომი“ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენს პროფილაქტიკის მიზნით, 10 დღით კეტავს, თუმცა ევროპაში შიშობენ, რომ ეს ბევრად ხანგრძლივი აღმოჩნდება და წინ ენერგეტიკული კრიზისი ელოდებათ.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, „გაზპრომი“ სხვადასხვა მილსადენის საშუალებით, ევროპას დღიურად 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდიდა. მიმდინარე წლის მაისში ეს ოდენობა განახევრდა. ივლისის დასაწყისში უკვე დღიურად 140 მილიონი კუბომეტრი შეადგინა.
„ბიბისის“ ცნობით, „თურქეთის ნაკადის“ მილსადენზე გამოცხადებული პროლაქტიკური სამუშაოების შემდეგ კი, მოცულობა 100 მილიონ კუბომეტრამდე დაეცა. ახლა კი, უახლოესი 10 დღის განმავლობაში, რუსეთი ევროპას დღიურად მხოლოდ 75 მილიონი კუბომეტრი აირის მიწოდებას ჰპირდება.
ამასთან, მედია წერს, რომ ევროკავშირი შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე, ახალი საგანგებო ზომებისა და გეგმის შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.