„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, რომელსაც პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ის, რაც დღეს ქვეყანას უნდა უხაროდეს, არის ლარის გამყარება, რომელიც მინისტრის პარლამეტში მისვლას ტრადიციულად ემთხვევა.
გოცირიძემ ასევე, ეროვნულ ბანკს მიმართა გაასაჯაროოს ინტერვენციების ის რაოდენობა, რომელსაც ის აწარმოებს სავალუტო ბირჟის მიღმა, რომელიც გოცირიძის თქმით, გასაიდუმლოებული ინფორმაციაა.
„დღეს რა შეიძლება გაუხარდეს საქართველოში თითოეულ მოქალაქეს, რა თქმა უნდა, ლარის გამყარება. გახარებული ველოდი თქვენს მოსვლას, ბატონო მინისტრო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ლარი გამყარდებოდა დღეს. რამდენჯერაც მოხვედით პარლამენტში და რამდენჯერაც მოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება. რა ასეთი ჯადო გაქვთ, რომ თქვენი აქ შემოსვლა მომენტალურად გადაეცემა ფინანსურ ბაზარს? არ ვიცი ეს თქვენი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ჯადოს დამსახურებაა თუ სხვა რამისა, მაგრამ ეროვნულ ბანკს ახლა ოფიციალურად მივმართავ, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ინტერვენციების ის რაოდენობა, რომელსაც ის აწარმოებს სავალუტო ბირჟის მიღმა. ეს არის გასაიდუმლოებული, შემდეგ თვენახევრის მერე ვიგებთ საერთო დაჯამებულ რაოდენობას, ოღონდ არ ვიცით, როდის განახორციელა მცირეოდენი ინტერვენციები, რომელიც ლარის რყევებზე გავლენას ახდენს. თუ მხოლოდ პოლიტიკური დადებითი ფონის შექმნისთვის კეთდება ეს, ჯანდაბას, კიდევ არაუშავს, მაგრამ ასეთი სწრაფი გამყარება და ხტუნაობა შესაძლებელია ბევრ სხვა ეჭვებსაც აღძრავდეს,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.
დეპუტატმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს პოზიციის გაუარესებაზე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში.
„საქართველოში ამ მასშტაბით არასდროს არ ყოფილა ცვლილება, 14 საფეხურით დაეცა ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში - ვიყავით 26, გავხდით მეთორმეტე, წლების განმავლობაში ყოველთვის იზრდებოდა, 12 წლით უკან დავიხიეთ, ძალიან ცუდი სიგნალია ეს უცხოური ინვესტორებისთვის. თუ მიზეზებს გავაანალიზებთ, ამ მიზეზებში პირდაპირ იკითხება და ვეუბნებით ინვესტორებს: არ გაბედოთ საქართველოში შემოსვლა, ცხვირი არ შეყოთ იმ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს სასამართლო, სადაც არსებობს ისეთი ფინანსთა სამინისტრო და მინისტრი, რომელიც ვერ უმკლავდება ფისკალურ პრობლემებს. როდის აპირებთ ფინანსების იმ დონეზე მოწესრიგებას, რომ ის არ იყოს მთავარი ფაქტორი ფასების ზრდის და ლარის გაუფასურებისა და როდის აპირებთ ამ 14 პოზიციის უკან შემობრუნებას და შეშინებული ინვესტორების უკან შემობრუნებას. ეს რიტორიკული კითხვაა, ვერც გააკეთებთ ამას, იმიტომ, რომ ამ პოლიტიკით ინვესტორს უკან ვერ დააბრუნებთ, სამწუხაროდ,“- განაცხადა გოცირიძემ.