Galt & Taggart 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვირის მიმოხილვიდან ვიგებთ.
მიმოხილვის ავტორები, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით პროგნოზის ცვლილების მიზეზს განმარტავენ.
"საქსტატის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს რეალური მშპ 8.4%-ით გაიზარდა, რაც 0.6პპ-ით მეტია წინასწარ მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული კორექციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წლის პირველ 4 თვეში 9.4%-ით გაიზარდა. სექტორულ ჭრილში, პირველი კვარტლის ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: უძრავი ქონება (+18.8% წ/წ), განათლება (+29.1% წ/წ), სახელმწიფო მმართველობა (+13.0% წ/წ), ICT (+12.2% წ/წ), მშენებლობა (+10.3% წ/წ) და ტრანსპორტი (+9.7% წ/წ). ამასთან, კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის მიწოდების (-11.6% წ/წ) და სამთომოპოვებითი მრეწველობის (-1.8% წ/წ) დარგებში.
იანვარ-აპრილში დაფიქსირებული მოსალოდნელზე ძლიერი ზრდის და მიმდინარე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ვზრდით 7.0%-მდე 6.0%-დან", - ნათქვამია მიმოხილვაში.
ცნობისთვის, მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პროგნოზი განაახლა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ის ნაცვლად 5.2%-ით გაიზრდება. მსოფლიო ბანკი საქართველოსთან მიმართებით შედარებით უფრო კონსერვატიულ პროგნოზს ინარჩუნებს, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც მარტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.7%-მდე გაზარდა. რამდენიმე დღის წინ კი საკუთარ პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს მთავრობამაც, რომელიც 2024 წელს ქვეყანაში 5.2%-ის ნაცვლად 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.