მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა. ორგანიზაციის ცნობით, 2022 წელს გლობალური ზრდის პროგნოზი, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო, 4,1%-დან 3,4%-მდე შემცირდა. შესაბამის ინფორმაციას BBC მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ დევიდ მალპასზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს უკრაინის ეკონომიკა თითქმის ორჯერ შემცირდება. არსებული მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად ქვეყანაში ბიზნესის ნახევარი დაიხურა და შემცირდა ექსპორტი.
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ექსპერტთა შეფასებით, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის ნაწილს კორონავირუსის პანდემიაზე მეტად დააზარალებს.
მსოფლიო ბანკმა უკრაინას დახმარების სახით ერთი მილიარდი დოლარი უკვე გამოუყო და მომავალ თვეებში კიდევ ორი მილიარდი დოლარის გამოყოფას დაპირდა.