ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყაზახეთი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს.
როგორც „ყაზინფორმი“ იუწყება ამის შესახებ განცხადება ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ალიხან სმაილოვმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ნავთობი აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტში ჩავა, შემდეგ კი მისი ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით მოხდება.
„ბაქოს პორტის გავლით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეიძლება, ბაქო-სუფსას და ბაქო-ბათუმის მილსადენებით. ასევე არის სარკინიგზო ხაზი ატირაუდან ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით და არის ჩინეთის მიმართულებაც. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებისა და გაზრდისთვის ამ მიმართულებებით“, – განაცხადა სმაილოვმა.
„რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, ჩვენ შევთანხმდით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე, რაც დაიწყება 2023 წლის პირველი იანვრიდან“, -განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ მოგვიანებით ამ ნავთობსადენით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა 6,5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია „ტენგიზშევროილმა“ გააორმაგა ნავთბმზიდი ავზების რაოდენობა და დაიწყო სარკინიგზო გადაზიდვა ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებებით.