სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 253.5 ლარი იყო, მიმდინარე წლის იანვარში კი ეს მაჩვენებელი 3.4 ლარით გაიზარდა და, ჯამში, 256.9 ლარი შეადგინა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, 2023 წლის იანვარში 3 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 227.5 ლარს შეადგენს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.