2023 წელს ზრდის ტემპის შემცირების მოლოდინების გათვალისწინებით, ეკონომიკურ ზრდას 4 პროცენტთან ახლოს ველოდებით, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა განაცხადა.
მისივე თქმით, 2023 წელს, ფისკალური წესის შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.8 პროცენტამდე შემცირდება.
„შემოსავლების მობილიზაციისა და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის დახვეწაზე მიმართული უწყვეტი ძალისხმევა, ასევე შემოსავლების საშუალოვადიანი სტრატეგიის შემუშავება ქმნის სივრცეს პრიორიტეტული ხარჯებისთვის, ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისთვის. გასულ წელს შემუშავებული სახელმწიფო საწარმოების მმართველობის რეფორმისა და განახლებადი ენერგიის განვითარების სტრატეგიების წარმატებით განხორციელება შესაბამის სექტორებში პროდუქტიულობას გაზრდის და ფისკალურ რისკებს შეზღუდავს. ინფლაციის შემცირების ნელი პროცესის გაგრძელება წელს და ეროვნული ბანკის სამიზნე სამპროცენტიანი მაჩვენებლის მიღწევა 2024 წლის შუა პერიოდში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და სებ-ის დამოუკიდებლობას საჭიროებს. ამ კონტექსტში, მისია მიესალმება ეროვნული ბანკის ერთგულებას მოქნილი გაცვლითი კურსის, სარეზერვო ბუფერების დაგროვების და ძლიერი და მედეგი ფინანსური სექტორის მიმართ. ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის დინამიკის გულდასმით შეფასება უნდა გააგრძელოს და საპროცენტო განაკვეთების შემდგომი გაზრდისთვის იყოს მზად, თუ ინფლაციის გაძლიერების ნიშნები გახანგრძლივდება“, – აღნიშნა მისიის ხელმძღვანელმა.