მთავრობა პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრობს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი შესარჩევი პროცესის გამოსაცხადებლად.
„სსიპ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიქირავა საერთაშორისო კონსულტანტები (კომერციულ საკითხებში − MTBS, ხოლო იურიდიულ საკითხებში − Squire Patton Boggs), რომელთა ჩართულობით მომზადდა შესარჩევი პროცესის დოკუმენტაცია. 2023 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თავმჯდომარეობით, შეიქმნა შესარჩევი კომისია, რომელმაც დაამტკიცა განზრახულობის შესახებ განაცხადი. აღნიშნული განაცხადი გამოქვეყნდა დადგენილი წესით 2023 წლის 20 თებერვალს და კანდიდატებს მიეცათ 3-თვიანი ვადა განცხადებისა და საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარმოსადგენად. აღნიშნული ვადა შემდგომში გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2023 წლის 19 ივნისამდე. აღსანიშნავია, რომ პროექტი კანდიდატებისთვის შეთავაზებულ იქნა ახალი სტრუქტურით, რომლის თანახმადაც, პროექტი განხორციელდება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის გზით, რომლის ფარგლებშიც, საჯარო და კერძო პარტნიორების თანამონაწილეობით შეიქმნება ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო იქნება 51%-ის, ხოლო კერძო პარტნიორი − 49%-ის მფლობელი.
ამასთან, შესარჩევი პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სახელმწიფო გეგმავს ძირითადი საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყებას (დაღრმავება და ტალღმტეხის მშენებლობა), რისთვისაც 2023 წლის აპრილში დაფუძნდა შესაბამისი სახელმწიფო კომპანია, რომელმაც უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება. ამავე პერიოდში, მიმდინარეობს მუშაობა შესარჩევი პროცესის სხვა დოკუმენტაციაზე. კერძოდ, წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის დოკუმენტზე, კონცესიის ხელშეკრულებისა და პარტნიორთა შეთანხმების პროექტებზე, რომლებიც უნდა წარედგინოთ კვალიფიცირებულ კანდიდატებს, საკვალიფიკაციო შეფასების დასრულების შემდგომ. ამასთან, მიმდინარეობს საკონსულტაციო შეხვედრები დაინტერესებულ კანდიდატებთან“, – ნათქვამია ანგარიშში.