გასულ, 2024 წელს ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საბურავებიდან 384 636 890 ლარი შევიდა, რაც რეკორდულია მაჩვენებელია.
ცნობისთვის, სახელმწიფო ხაზინის ვებ-გვერდზე საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) შესახებ მონაცემები 2005 წლიდან არის გამოქვეყნებული და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიუჯეტში სანქციებიდან ყველაზე მეტი თანხის მობილიზება, სწორედ გასულ წელს მოხდა.
შედარებისთვის, წლიურ ჭრილში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 21 610 651 ლარით მეტი თანხის მობილიზება მოხდა. კერძოდ, თუ 2024 წელს ბიუჯეტში 384 636 890 ლარი შევიდა, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 363 026 239 ლარი იყო.
ამასთან, გასულ წელს სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში - 171 226 280 ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში - 213 410 610 ლარის მობილიზება მოხდა.
ამასთან, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 33 934 617 733 ლარი, შემოსავლებმა კი - 27 445 991 899 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების, რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.