მთავრობამ ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში კერძო პარტნიორის შესარჩევად განზრახულობის განაცხადი საჯაროდ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, პროექტისთვის 49%-იანი წილის მფლობელი კომპანია ან კონსორციუმი შეირჩევა რომლის მიხედვით, პროექტისთვის 49%-იანი წილის მფლობელი კომპანია ან კონსორციუმი შეირჩევა.
განზრახულობის განაცხადის მიხედვით, ანაკლიის პორტის პროექტი 9 ფაზად უნდა განვითარდეს. პირველი ფაზის ოპერირება უნდა დაიწყოს მშენებლობის დაწყების თარიღიდან 3 წლის ვადაში.
განაცხადში აღნიშნულია, რომ ანაკლიის ნავსადგურის პირველმა ფაზამ უნდა მიაღწიოს გამტარუნარიანობას, რომელიც საჭიროა ყოველწლიურად სულ მცირე 600,000 TEU ტვირთის დასამუშავებლად, რაც გულისხმობს 7,800,000 ტონას, საშუალოდ 13 ტონა/TEU გათვლით. მე-2-დან მე-9 ფაზების განვითარება დაიწყება, როდესაც:
• ნავსადგურის ყოველწლიური ტვირთბრუნვა მიაღწევს წინა ფაზის გამტარუნარიანობის 80%-ს;
• დამატებითი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება კონცესიონერის მიერ,
• საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (IFI)/გამსესხებლები მოიწონებენ შემდგომი ფაზის განხორციელებას;
საბოლოოდ, მე-9 ფაზა 100 მლნ ტონა ტვირთის მომსახურებას გულისხმობს. ანაკლიის ნავსადგურს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს გემები მინიმუმ 6500 TEU ტევადობით.
ტექნიკური მოთხოვნები ასე გამოიყურება:
კანდიდატს ან მისი კონსორციუმის წევრ(ებ)ს და/ან ქვეკონტრაქტორს უნდა ჰქონდეს განხორციელებული სულ მცირე ერთი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის/ტერმინალის, წლიური მინიმალური გამტარუნარიანობით 5 მილიონი ტონა, პროექტირება, მშენებლობა და მოვლა/პატრონობა.
კანდიდატს ან მის კონსორციუმის წევრ(ებ)ს უნდა ჰქონდეს განხორციელებული ინვესტიცია სულ მცირე ერთ ეკონომიკური ინფრასტრუქტურის პროექტში ღირებულებით სულ მცირე 500 მილიონი აშშ დოლარი.
კანდიდატს ან მის კონსორციუმის წევრ(ებ)ს და/ან ქვეკონტრაქტორს უნდა ჰქონდეს საკმარისი მენეჯერული და ორგანიზაციული შესაძლებლობები პროექტის განსახორციელებლად.
კანდიდატი ან მისი კონსორციუმის წევრ(ებ)ი და/ან ქვეკონტრაქტორი, მიმდინარე პერიოდში, უნდა ოპერირებდეს სულ მცირე ორ საკონტეინერო ტერმინალს წლიური მინიმალური გამტარუნარიანობით თითოეულ ტერმინალზე 500,000 TEU.
კანდიდატს ან მის კონსორციუმის წევრებს ერთობლივად (წილების პროპორციულად) უნდა ჰქონდეთ საკმარისი ფინანსური მდგომარეობა, რათა იმოქმედონ როგორც კერძო პარტნიორმა პროექტთან მიმართებაში.
ალტერნატივის სახით, კანდიდატმა ან კონსორციუმის წევრმა უნდა წარმოადგინოს დამხმარე წერილი/განზრახულობის წერილები დამფინანსებლებისგან, რათა წარმოაჩინოს პროექტის დაფინანსებისთვის 500 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვის შესაძლებლობა.
პროექტის განხორციელების ვადები ასე გამოიყურება:
• განზრახულობის შესახებ განაცხადის გამოქვეყნება 20-02-2023
• დაზუსტებების შესახებ მოთხოვნის წარდგენის საბოლოო ვადა 21-04-2023
• კვალიფიკაციის შესახებ განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადა 19-05-2023
• კვალიფიციური კანდიდატების შეტყობინების საბოლოო ვადა 17-07-2023
• წინადადებების წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის საბოლოო ვადა 17-07-2023
შეგახსენებთ, 20 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ინვესტორის გარეშე დაიწყებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პარალელურ რეჟიმში მოხდება ინვესტორის შერჩევაც.
ჯერჯერობით უცნობია, რა სახსრებით გეგმავს მთავრობა პორტის მშენებლობის ხარჯების დაფინანსებას, რადგანაც 2023 წლის ბიუჯეტში მსგავსი ჩანაწერი გათვალისწინებული არაა.
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პორტის მშენებლობის გენერალური შეთანხმება 2020 წლის იანვარში, ცალმხრივად გაწყვიტა, რასაც კონსორციუმისა და მისი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა. აღნიშნული დავებით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ხელშეკრულების გაწყვეტა მთავრობის მხრიდან პროექტის წინააღმდეგ წლების განმავლობაში გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა განაპირობა, რამაც პორტის მშენებლობის განვითარების შეფერხება გამოიწვია.
BMG