გაზრდილი საწვავის ფასების წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანთან, ესტაკადაზე შესასვლელი გზა ჩაკეტეს.
აქტივისტებმა გმირთა მოედანთან, ესტაკადაზე შესასვლელი გზა საკუთარი ავტომობილებით ჩაკეტეს და ადგილზე მყოფი ავტომობილების მძღოლებს ფიზიკურად გადაეღობნენ, რამაც საავტომობილო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.
აქციის მონაწილეების ქმედებას ავტომობილში მყოფი რამდენიმე მძღოლის უთანხმოება მოჰყვა, შესაბამისად, ადგილზე ამ წუთებში ხმაურია.
დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ ,,პროტესტი საწვავის ფასს”, ,,არა გაძვირებულ ცხოვრებას” და ,,გამოდით, გამოდით”. ისინი აქციის მონაწილეები ავტომობილების მძღოლებსაც მოუწოდებენ, რომ საკუთარი ავტომობილები გზაზე გააჩერონ. აქციას მოპედებით შეუერთდნენ სხვადასხვა კომპანიის კურიერები.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხვალ ჩანიშნულია ფინანსთა მინისტრთან საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა.