ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 400-მდე მოქალაქეს რეინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით გრანტი გადაეცა, - ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი, როცა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2 წლის საქმიანობა შეაჯამა.
საქმე ეხება მიგრანტების დახმარების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც მიმდინარე წელს გამოცხადდა და სხვა ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები მიგრანტებს დახმარებას ითვალისწინებს, მაქსიმუმ 4 000 ლარიანი გრანტით.
გარდა ამისა, სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2020 -2021 წლებში:
- მთელი ქვეყნის მასშტაბით, 7000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდა, მათ შორის, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 2905 დევნილ ოჯახს გადაეცა, სააგენტომ სოფლად სახლი 3028 ოჯახისთვის შეისყიდა და საცხოვრებელი ფართი 1176 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს დაუკანონდა;
- სააგენტომ უსაფრთხო გარემოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 624 ოჯახი განასახლა;
- დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, 1066 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდა;
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, 2020-2021 წლებში, დევნილი ოჯახების განსახლება არც ერთი დღით და არც ერთი მიმართულებით არ შეჩერებულა და მეტიც, კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი, 7000-მდე დევნილ ოჯახს გადავეცით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ განსახლების ტემპის ზრდამ შესაძლებლობა მოგვცა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 118 ნგრევადი შენობა დავხურეთ და იქ მცხოვრებმა ასობით დევნილმა ოჯახმა ბინა ახალაშენებულ კორპუსებში მიიღო“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით შესრულებული სამუშაოები და მომავლის ხედვა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წარადგინა.
„ყოველდღიურად ვზრუნავთ, რომ თითოეულ დევნილს უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების პირობები შევუქმნათ. 2020-2021 წლები გარდამტეხი აღმოჩნდა და დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის უკიდურესად მწვავე საკითხი გადაიჭრა ქალაქ წყალტუბოში, სადაც ბინა 560 ოჯახს გადავეცით. აღსანიშნია, რომ ბოლო ორ წელიწადში ყველაზე მეტი დევნილი განვასახლეთ ქალაქ ზუგდიდშიც, სადაც 1000 ოჯახისთვის 9 კორპუსი აშენდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა განსახლების პროცესში ყველაზე წარმატებული შედეგის მიღწევა ერთი მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფამ, ხოლო მეორე მხრივ, სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების დანერგვამ განაპირობა“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.