საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტური წევრის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურა წარუდგინა. მასთან ერთად სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძეც. შესაბამისი წარდგინება 21 ივნისის ბიუროს სხდომაზე შევა.
შეგახსენებთ, რომ სებ-ის საბჭოში უკვე ორ წელზე მეტია, რაც ორი ვაკანტური ადგილია. კანონის თანახმად საბჭო 9 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, თუმცა ამჟამად მასში მხოლოდ 5 წევრია, მათგან 3-ს კი ამავდროულად აღმასრულებელი პოსტი უკავია.
ნიკოლოზ გაგუას 2016 წლის ნოემბრიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტი უკავია, ამასთან 2018 წლის ივნისში მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა. ნიკოლოზ გაგუა არაერთი წლის განმავლობაში ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.