საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დანიშნა.
"კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ. ამ გეგმაში საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს წამყვანი როლი ექნება. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს იმას, რომ მოხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, ჩვენი მოქალაქეების მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი და აქედან გამომდინარე შევარჩიეთ ბატონი ვაზილ ჰუდაკი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მრჩევლად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა და დასძინა, რომ ვაზილ ჰუდაკს კერძო ბანკებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
ცნობისთვის: წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს FDI 15-წლიან მიმუმამდე შემცირდა.
საქსტატის თანახმად, ინვესტიციების შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა.