პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე ქვეყნის ჩაკეტვა და შეზღუდვები არ იგეგმება.როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, მათ სხვა გზა - პანდემიის მართვა აირჩიეს. პრემიერის განცხადებითვე, შეზღუდვები გამართლებული არ იქნება, ვინაიდან ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს.
„ბევრი საუბარია ბოლო დროს, კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ. მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა, ეს არის მართვის გზა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვმართოთ ეფექტიანად ზოგადად, ეპიდემია. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც „ლოკდაუნი“, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, უფრო მეტიც, ეს იქნება დამაზიანებელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ ჩვენ რამდენიმე მილიარდი დოლარი, თუ ლარი ვალის სახით, რაც რა თქმა უნდა, შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი. ამიტომ, მეგობრებო და ძვირფასო მოქალაქენო, ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც არის უსაფრთხო და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა, „ფეისბუქის“ საშუალებით და სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებულ ათას დეზინფორმაციას და ტყუილს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, წელს ბიუჯეტი მილიარდით გაიზარდა და ქვეყანას სესხი „ერთი ლარიც“ კი არ აუღია.
„ჩვენ ყველაფერი გავხსენით. რამდენიმე თვეა, ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება, გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში - 45% აპრილში, 30% მაისის თვეში, 18%-ს ველოდებით ივნისის თვეში და 12%-იანი ზრდა გვაქვს პირველ 6 თვეში, რამაც მოგვცა საშუალება, რომ არც ერთი ლარი სესხი წელს არ აგვიღია. ჩვენ მილიარდზე მეტით გავზარდეთ წლევანდელი ბიუჯეტი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.