აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP-ის ხელმძღვანელი, მადლენ ოლბრაიტი წერილით ეხმაურება ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნას. ამ წერილში ის წერს, რომ "ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის პროექტი მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას შესთავაზებს ფოთელებს, საქართველოს და შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის ყველა სახელმწიფოს. ნავსადგურის გავლით სამი მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვით ყველა მხარე მოგებული დარჩება."
მადლენ ოლბრაითის თქმით, ახალი ნავსადგური განსაკუთრებით მნიშვნელოვან დროს დაემთხვა.
„საერთაშორისო სისტემა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას რეგიონში, ახლა ზეწოლას განიცდის. შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს, რა როლი ექნება მსოფლიოსთან ურთიერთობებში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ ქვეყანას ასევე უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ბაზარზე ვაჭრობის რეალური შესაძლებლობები. ეს ინსტრუმენტი არის ვაჭრობისა და არჩევანის პოტენციალის რეალიზაციის ნაწილი. ეს ასპექტი მას მნიშვნელოვანს ხდის არა მხოლოდ ვაჭრობისა და კომერციის თვალსაზრისით, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც ვცდილობთ, უკეთესი ცხოვრება შევქმნათ ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნებისთვის“, - ნათქვამია წერილში.
“ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გახსნის ოფიციალური ცერემონია დღეს ფოთში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები, ასევე პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ.