საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მიიჩნევს, რომ საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმების მოთხოვნა შესაბამისი ზომა არ არის და მსგავს საკითხებს ფრთხილად უნდა მიუდგნენ.
დავითაშვილის განმარტებით, არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა, ბაზარზე გამოჩნდეს უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი და გარკვეულწილად, პიკურმა ფასებმა გადაიაროს. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რეალურად, დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკშია შეძენილი.
„ზოგადად გეტყვით, რომ მთავრობაში მიდის მსჯელობა დაზღვევის მექანიზმებზე. სხვადასხვა ტიპის ინტერვენცია შესაძლოა, იყოს. ის მოთხოვნა, რაც ეხებოდა გადასახადების გაუქმებას, ვფიქრობ, არ არის შესაბამისი, ადეკვატური ზომა. ჩვენ დავაკვირდებით არსებულ სიტუაციას. ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს, რადგან ფისკალური პოლიტიკა, რაც ქვეყანაში ჩამოყალიბდა, არ დაირღვეს და არ ჰქონდეს ამას ძალიან ნეგატიური, გრძელვადიანი, პრეცედენტული სახე და ზოგადად, ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე არ იმოქმედოს. თუმცა, გვესმის რა ამ საკითხის მგრძნობიარობა, ეკონომიკური გუნდი მუშაობს და შეიძლება, უფრო უპრიანი იყოს აქ სხვა გადაწყვეტილებები. საწვავთან დაკავშირებით იმასაც გეტყვით, რომ რეალურად, დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკში არის შეძენილი. გვაქვს უშუალო ურთიერთობა იმპორტიორებთან, გვაქვს მოლოდინი, რომ უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი შეიძლება, გამოჩნდეს ბაზარზე და გარკვეულწილად პიკური ფასები გადაივლის, შესაძლოა, ნაკლები ფასები ჰქონდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში. ამიტომ, პირდაპირ მინდა გითხრათ, საწვავის ფასების კლებას ველოდებით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.