შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 24 საათში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის 855 პირი დააჯარიმეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 70 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, მათ შორის მოქალაქეები, ვინც 21:00-05:00 საათებს შორის გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვია. პირბადის ტარების წესის დარღვევაზე კი ბოლო 24 საათში შსს-მ 785 ადამიანი დააჯარიმა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 000 ლარით, იურიდიული კი 10 000 ლარით ჯარიმდება. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კი ჯარიმა 20 ლარია.