მგონი, ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ „ლელოს“ ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის კითხვას, რომელმაც გააკრიტიკა „ლელოს“ ინიციატივა 1000 - ლარიან პენსიასთან დაკავშირებით და ფინანსთა მინისტრს მიმართა, „რა თეორიული შანსები არსებობს ან მოიპოვება თუ არა სადმე მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა, რომ ბიუჯეტი 4 წელიწადში გაორმაგდეს“.
პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ვერც ბიუჯეტი და ვერც ეკონომიკა გაორმაგდება.
„ფინანსთა მინისტრობა არ სჭირდება იმის შეფასებას, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ვერც ბიუჯეტს და ვერც ეკონომიკას გააორმაგებ. მგონი, მათ შორის ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ აღნიშნული ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი. თუ არ გულისხმობენ იმას, რომ ამავე დროს ინფლაცია 4 წლის გამავლობაში მუდმივად იქნება ორნიშნა მაჩვენებელი, ასეთ შემთხვევაში, ვერც ბიუჯეტი და ვერც ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში ვერ გაორმაგდება, შესაბამისად, აქ ზედმეტია შეფასების გაკეთება“, - განაცხადა ხუციშვილმა.