„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა.
„წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს მთავრობათაშორის საერთაშორისო მექანიზმის – ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფის (FATF) სტანდარტებთან დაახლოებისა და ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) 2020 წლის რეკომენდაციებისა და შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა კანონპროექტის წარდგენისას.
მისი განცხადებით, კანონში ტერმინი „დასაბუთებული ვარაუდი“ იცვლება ტერმინით – „გონივრული საფუძველი“.
ცვლილების თანახმად, სამთავრობო კომისიას მიენიჭება უფლებამოსილება, სანქციადაკისრებულ პირთა ეროვნულ სიაში შეყვანილი პირების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს როგორც გაერო-ს შესაბამის სანქციათა კომიტეტს, ისე სხვა სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, რათა მათაც გაატარონ შესაბამისი შემზღუდველი ზომები სანქციადაკისრებულ პირებთან მიმართებით.
თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ცვლილების მიღების შემთხვევაში საქართველო გაიუმჯობესებს სარეიტინგო ქულას MONEYVAL-ის რეიტინგში.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.