საქსტატმა ნოემბრის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ თვეში ფასები წლიურად 1.3%-ით გაიზარდა. საქსტატის თანახმად, ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფის - სურსათის ფასები წლიურად 3.1%-ით გაიზარდა.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.0 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (15.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (7.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.0%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ზეთი და ცხიმი (5.0%), ხილი და ყურძენი (3.6%), თევზეული (1.3%), პური და პურპროდუქტები (0.9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.5%). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1.5%);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.6%-ით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (23.4%), დაზღვევა (12.9%), საფინანსო მომსახურება (4.5%), პირადი ჰიგიენა (3.6%);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (7.5%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.1%);
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48 პროცენტული პუნქტით აისახა;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.7%-იანი კლება, რაც -0.32 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-5.2%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (-2.7%). ამასთან, ფასები მომატებულია საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე (5.8%).